2003 წელს საქართველოში აღმოჩენილ იქნა დაახლოებით 5500 წლის თაფლი, რომელიც არის 20 საუკუნით უფრო ძველი, ვიდრე ეგვიპტეში აღმოჩენილი, დღემდე უძველესად მიჩნეული თაფლი. დადგინდა, რომ ეს თაფლი არის მეფუტკრეობის პროდუქტი და არა ველური თაფლი, რაც ადასტურებს საქართველოში მეფუტკრეობის კულტურის არსებობას უხსოვარი დროიდან.
კლიმატოლოგიური და გეოლოგიური ბუნებრივი პროცესების შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა დედამიწაზე არსებული ნიადაგების თითქმის ყველა სახეობა. ასეთ შემთხვევას არა აქვს ადგილი არცერთ სხვა ქვეყანაში. მეცნიერები საქართველოს დედამიწის ნიადაგების ატლასსაც კი უწოდებენ. ამიტომაც არის, რომ საქართველოს არ მოეპოვება ანალოგი თაფლოვანი მცენარეების მრავალფეროვნების კუთხით, რაც ასახულია ქართული თაფლების ორგანოლეპტიკაში.
თითქმის ყველა თაფლოვანი მცენარის ნექტარი წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, რის გამოც ქართულ თაფლს და მისგან დამზადებულ პროდუქტებს საკვებ ღირებულებასთან ერთად გააჩნია ფართო სამკურნალო სპექტრი.