რეკომენდაციები

რეკომენდაციები ნატურალური ბიოპროდუქტების მწარმოებელი მეფუტკრეებისათვის:

საკვები პროდუქტების ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებებით დაბინძურებას მოაქვს უდიდესი ეკონომიური ზარალი. განვითარებულ ეკონომიურად ძლიერ ქვეყნებში საკმაოდ დიდი მატერიალური რესურსი იხარჯება საკვები პროდუქტების უვნებლობის კუთხით დაცვაში, სადაც სათანადო რეგულაციებითა და რეკომენდაციებით მკაცრად კონტროლდება პროდუქტების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის პროცესი. სამაგიეროდ ასეთ ქვეყნებში იზოგება ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო ბევრად მეტი მატერიალური და ადამიანური რესურსი. ჩვენს ქვეყანაში ბიომეფუტკრეობის განვითარებისათვის არის უნიკალური ბუნებრივი პირობები. ქართული მეფუტკრეობის ბიოპროდუქტები უაღრესად   მოთხოვნადია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. მეფუტკრეობის მაღალი ხარისხის ბიოპროდუქციის წარმოების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაქსიმალიზაციისათვის, ხარისხიანი ფიჭის ფირფიტების გამოყენებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ფიჭის ხარისხზე ბევრად არის დამოკიდებული ფუტკრის ჯანმრთელობა, გამრავლება, პროდუქტიულობა და სხვა. უხარისხო ფიჭის ფირფიტების გამოყენების შემთხვევაში შეუძლებელია მაღალი სტანდარტის ბიოპროდუქციის წარმოება. მაღალი ხარისხის ფიჭის ფირფიტების გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფუტკრის მოვლაპატრონობის მხრივაც. ყოველივე ზემოღაღნიშნულიდან გამომდინარე   მეფუტკრეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ის გარემოებები, რომლებიც განსაზღვრავენ ფიჭის ფირფიტების ხარისხს:

1. ფიჭის ფირფიტები დაბეჭდილი უნდა იყოს  100% ფუტკრის ცვილისაგან, ყოველგვარი მინერალური, ცხოველური ან მცენარეული ცვილის (პარაფინი, ცირეზინი, სტეარინი და სხვა) დამატების გარეშე.  ცვილს რომელსაც თვით ფუტკარი ქმნის და იყენებს ფიჭის ასაშენებლად არა აქვს ანალოგი, არანატურალური ცვილისაგან დაბეჭდილი ფიჭის ფირფიტების გამოყენების შემთხვევაში ფუტკარი არის დესტიმულირებული შრომისნაყოფიერების მხრივ. ფიჭის ფირფიტების წარმოების სტანდარტით დაუშვებელია ცუხიდან გამოპრესილი თვით ფუტკრის ცვილის 10%-ზე მეტის გამოყენებაც, ამ სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში მცირდება ცვილის სიმყიფის მაჩვენებელი, რაც გამოიხატება  სკაში მაღალ ტემპერატურის (34-36 ºC) დროს ფირფიტების დაბრეცვით.

2. ფიჭის ფირფიტების წარმოებაში გამოყენებული ფუტკრის ცვილი აუცილებლად უნდა იყოს გასტერილებული და  უცხო ნაწილაკებისაგან გაწმენდილი.  ფიჭების გადადნობის პროცესის შედეგად მიღებულ ცვილში უცხო მინარევების გარდა ცოცხლად შენარჩუნებულია პათოგენური მიკროფლორის ელემენტები, ფუტკრების მიერ გადატანილი სხვადასხვა ვირუსული და სოკოვანი ინფექციები, რომლებიც წარმოადგენენ ახალი დაავადებების პოტენციურ წყაროს.  არასტერილური ფიჭის ფირფიტების გამოყენების დროს მეფუტკრეები დგანან დიდი რისკების წინაშე ფუტკრის ოჯახების მოვლა პატრონობის მხრივ. გადამდნარ ცვილში დაავადებების გამომწვევი მიკროფლორის განადგურება არის უმთავრესი ყველა მეფუტკრისათვის.  ცვილის გასტერილება არის აუცილებელი და ის შესაძლებელია მისი 120-130ºC დამუშავებით. ცვილის გასტერილების შემდგომ მისგან უნდა მოხდეს უცხო ნაწილაკების გამოყოფა რაც შესაძლებელია ცვილის 80ºC დაყოვნებით.

3. ფიჭის ფირფიტების წარმოებაში გამოყენებული ფუტკრის ცვილი არ უნდა შეიცავდეს  შხამქიმიკატებს. ფუტკრის მოვლაპატრონობის დროს გამოყენებული  შხამქიმიკატები აბსორბირებულია ფიჭაში. გადადნობის და გასტერილების პროცედურით არ ხდება მათი განეიტრალება ან გამოყოფა ცვილისაგან. შხამქიმიკატებით გაჯერებული ცვილისგან დაბეჭდილი ფიჭის ფირფიტების გამოყენების შემგომ ხდება მათი თაფლში გაჯერება, რაც შეუთავსებელია  მაღალი სტანდარტის ბიოპროდუქციისათვის.

4. ფიჭის ფირფიტების წარმოებისას დაუშვებელია ცვილის შეხება ისეთ ნივთიერებებთან, რომელიც გამოიწვევს ფიჭის დაბინძურებას უცხო ელემენტებით. საბეჭდი დანადგარის  ყალიბზე ცვილის  მიწებების საწინააღმდეგოდ არ შეიძლება საპნის ან შამპუნის წყალხსნარის გამოყენება.  დაბეჭდილი ფიჭების გაშრობის შემდგომ მათ ზედაპირზე რჩება საპნის ან შამპუნის ელემენტები, რაც შემდგომ გადადის თაფლში. ამის ნაცვლად ცვილის  ყალიბზე მიწებების საწინააღმდეგოდ საბეჭდი დანადგარის წყლის გაგრილების სისტემაში გამოყენებული უნდა იქნას ბიოდეგრადირებადი აგენტი (Genapol  UD 088), რომელიც იხმარება 100% ფუტკრის ცვილის ფიჭის ფირფიტების წარმოებისათვის. ეს სითხე არ იწვევს ფიჭის დაბინძურებას უცხო ელემენტებით და  100%-ით ორთქლდება ფიჭის ფირფიტების გაშრომის შემდგომ.

5. ფიჭის ფირფიტების ხარისხს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს  მათი სისქე. ფირფიტების სისქე განისაზღვრება ფირფიტის წონით და საბეჭდი დანადგარის ტექნოლოგიური პროსესის შედეგად ფირფიტების დატკეპნის ხარისხით. დადანის ტიპის სკების ჩარჩოებში ჩასაკრავი ფიჭის ფირფიტების (26სმx41სმ) წონა სტანდარტით უნდა იყოს 80-100 გრამის ფარგლებში, სხვა ზომის ფირფიტები კი ამავე სტანდარტით განსაზღვრული გეომეტრიული ზომის პროპორციული წონის შესაბამისი.  ფუტკარი ფიჭის აშენებისას იყენებს თავად ფირფიტის ცვილს. რაც უფრო სქელია ფიჭის ფირფიტა, ფუტკარს ეძლევა მეტი საშუალება ამავე ცვილით აწარმოოს ფიჭის მშენებლობა და სხვა საქმიანობისათვის გამოიყენოს ის ენერგია რომელიც მან უნდა დახარჯოს ცვილის წარმოებისათვის. დაუტკეპნავი ფიჭის ექვსუთხედები არის სქელი, რაზედაც ფუტკარი უფრო მალე აშენებს  ფიჭას. დაუტკეპნავი  ფირფიტები უფრო ბუნებრივია ფუტკრისათვის. დატკეპნილ  ფირფიტებთან შედარებით ფუტკარისათვის ბევრად იოლია დაუტკეპნავი ფირფიტების ცვილით შენება.

6. ვალცირების ტექნოლოგიით დამზადებულ დატკეპნილ ფიჭის ფირფიტებთან შედარებით, ყალიბში ჩამოსხმის ტექნოლოგიით დამზადებული დაუტკეპნავი ფიჭის ფირფიტები უფრო სტაბილურია სკაში არსებული ტემპერატურული რეჟიმის მიმართ (არ იბრიცება). დაბრეცილ ფირფიტებზე  ფუტკარს უჭირს სიმეტრიის დაცვა და წვალობს ისე, როგორც კალატოზი წვალობს დაბრეცილ საძირკველზე კედლის სწორად აშენებისას.

7. მეფუტკრეობის  მაღალი ხარისხის ბიოპროდუქციის წარმოება შეუძლებელია, მაღალი ხარისხის ნატურალური ბიოცვილით აშენებული ფიჭის გარეშე. სტერილური, დაწმენდილი ცვილისაგან შეიძლება დამზადდეს სტანდარტული სისქის და წონის დაუტკეპნავი ფიჭის ფირფიტები, რომელიც ბეჭდვის ტექნოლოგიური პროცესის მიზეზით არ იქნება დაბინძურებული უცხო ელემენტებით. მიუხედავად ამისა ფირფიტები შეიძლება დაბინძურებული იყოს თავად ცვილში არსებული ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ქიმიური ნივთიერებებით, რომელთა აღმოჩენაც შესაძლებელია მხოლოდ ცვილის ბიოქიმიური ანალიზით, რაც მეფუტკრეებისათვის ან ფიჭის დამამზადებლებისათვის  არ არის ხელმისაწვდომი.  ამ ნივთიერებების ცვილისაგან გამოყოფა ან მათი გაუვნებელყოფა არის რთული და ძვირი ტექნოლოგიური პროცესი, რაც ასევე არ არის ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად,   მეფუტკრეებმა, რომლებიც ორიენტირებულები არიან მაღალი ხარისხის ბიოპროდუქციის წარმოებაზე, უნდა გამოიყენონ საკუთარი საფუტკრის ცვილისაგან შესაბამისი წესების დაცვით  დაბეჭდილი ფირფიტები.